აბასთუმანი

ოძრხე


აბასთუმანი - დაბაა ადიგენის რაიონში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ. ოცხის ხეობაში, ადიგენიდან 25 კმ-ზე, ახალციხიდან 28 კმ-ზე. სამთო-კლიმატური კურორტია (ზ.დ. 1340 მ). კურორტის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა XIX ს-ის 70-იან წწ-ში. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. მოსახლეობა 1,4 ათასი (2002). IX-X სს-ში მას “ოძრახედ” მოიხსენიებენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა “ოცხე”, XIX ს-დან - “აბასთუმანი”. დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან. აბასთუმანში არის ტუბსანატორიუმები, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტები, აგრეთვე არქიტექტურის ძეგლები - შუა საუკუნეების ეკლესია და “თამარის ციხე”,  ეკლესია “ახალი ზარზმა” (1899-1902).
 ოძრხე, ოძრახე - ისტორიული ციხე ქალაქი, რომელიც ლეონტი მროველის თანახმად, ქართველ ხალხთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს-ოძრხოსს დაუარსებია და მდებარეობდა დაბა აბასთუმნის მახლობლად მდინარეების- ოძრხესა და კურცხალისწყალის წყალგამყოფ კლდოვან ქედზე. იგი დარაჯობდა ამ მდინარეთა ხევებზე გამავალ ე.წ. `რკინის-ჯვარის~ (ამჟამინდელი ზეკარის უღელტეხილი) გამავალ მნიშვნელოვან გზას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ლიხთიმერეთისა და მესხეთის რეგიონებს. ` ... ციხე ქვეყანასა ოძრხევისასა, რომელსა ეწოდების სამცხე, ადგილსა რომელსა ჰქვიან დემოთი, მოკიდებულად მთასა ღადოსსა...~. ღადოს მთა ცალსახად იგივდება ახლანდელი აბასთუმნის ჩრდილოეთით მდებარე ქედთან ზეკარის უღელტეხილით.
რუსეთ-თურქეთის ომის დაწყების წინ (1853წ.), გენერალ ივანე ანდრონიკაშვილის მიერ სამხედრო ოპერაციის ჩატარების პატაკში ნახსენებია, რომ იმერეთ-ახალციხის დამაკავშირებელი, ყველაზე მოხერხებული გზა აბასთუმანზე გადიოდა. ვრცლად...
გავიდა დრო და რუსეთის ეგიდის ქვეშ მყოფ მესხეთში და აბასთუმანშიც ცხოვრება მშვიდობიან კალაპოტში ჩადგა. მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან საფუძველი ჩაეყარა, აბასთუმნის როგორც ფტიზიატრიული კურორტის მშენებლობას, რომლის იშვიათი ბუნება და მაკურნებელი თვისებების მქონე ჰავა ნამდვილ სასწაულებს ახდენდა.
სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა, უფრო ადრე, მე-18 საუკუნის მიწურულს, აბასთუმანში რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მეორის ძმა, მეფისწული გიორგი, რომელიც ტუბერკულოზით იყო დაავადებული. მას თან ჩამოყვა იმდროინდელი რუსეთის ელიტარული საზოგადოების მრავალი წარმომადგენელი, რომელთა შორის გიორგი მეფიწულის აღმზრდელი, პეტერბურგის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორი, ს.პ. გლაზენაპიც იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მან, თან ჩამოტანილი 22 სმ-იანი რეფრაქტორით, მჭიდრო ორჯერად ვარსკვლავებზე დაკვირვებისას, შეამჩნია აბასთუმნის ასტროკლიმატის ძალზე მაღალი ხარისხი და ამის შესახებ სათანადო სტატიაც გამოაქვეყნა.
სპეციალურად მეფისწულისთვის დაჩქარებული ტემპებით აშენდა საცხოვრებელი კომპლექსი, სამკურნალო თერმული წყლების აბანო, დიდებული სასახლე, რომელშიც საბჭოთა წყობილების დროს სანატორიუმი `მესხეთი~, ხოლო 1994 წლიდან წმ. პანტელეიმონის დედათა მონასტერი განთავსდა და ამჟამად იქ სამონასტრო მოღვაწეობა მიმდინარეობს.
მეფისწულის სურვილის თანახმად, 1896-1899 წ.წ. აშენდა წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესია, რომელიც ზარზმის ეკლესიის პროტოტიპს წარმოადგენს და მას `ახალი ზარზმაც კი უწოდეს. ეკლესიის მოსახატად მოიწვიეს ცნობილი რუსი მხატვარი მ.ვ. ნესტეროვი, რომელმაც ეს სამუშაო 1902-04 წლებში შეასრულა.
1930-31 წ.წ. შუა აზიისა და ყარაბაღის პარალელურად, ს.პ. გლაზენაპის გამოკვლევებზე დაყრდნობით, საქართველოშიც ჩამოვიდა საგანგებო ექსპედიცია, სამთო ასტრონომიული ობსერვატორიის შექმნასთან დაკავშირებით მთიანი რაიონების ატმოსფერული რეჟიმის შესასწავლად, რუსი ასტრონომების ვ.ს. მოშკოვას, ბ.ვ. ნუმეროვისა და ვ.ბ.ნიკონოვის შემადგენლობით. გამოკვლევები ჩატარდა ცივგომბორზე, შუამთაში, ბაკურიანში, ცემში, წაღვერსა და აბასთუმნის მიდამოებში. აღნიშნული ექსპედიციის მუშაობის შედეგად კვლავ დადასტურდა, რომ აბასთუმანში მართლაც საუცხოო პირობებია ასტრონომიული კვლევისათვის. 1932 წელს დაარსდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც საბოლოოდ 1937 წელს, მთა ყანობილზე, 1700 მეტრის სიმაღლეზე, იქნა გატანილი.